სოფელ კურსებში მიმდინარე პროცესებსა და ადგილობრივების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს მარიამ ბეროძე სოციალირ ქსელში.
,,მიმდინარე პროცესი არის შემდეგი:
1. სასტუმროებში გადანაწილებული ხალხი უნდა გადავიდეს ქირით. სახლებს თვითონაც ეძებენ და ჩვენც შეგვიძლია მოვძებნოთ. გუშინ ვიკითხე, რა იყო ის ლიმიტი, რა ლიმიტის ფარგლებშიც სახლი უნდა მეძებნა. ამაზე მითხრეს, რომ 1000 ლარის ფარგლებში დაითვლება ფასი, გააჩნია, რამდენსულიანი ოჯახია. თითო ადამიანს 20 კვადრატი ან რათაც ეგრე დაეთვლება და ფასიც მაგის მიხედვით ყველას სხვადასხვა მოუწევს. გუშინ მითხრეს, რომ ჯერ ზუსტად დათვლილი არ აქვთ ეს ყველაფერი. ნუ, თუ მეტი ღირს სახლი, დაგექვითება, უბრალოდ, ეს თანხა, დანარჩენს დაამატებ.
2. ამ სახლებში ვიქნებით 6-12 თვე (თავიდან მაინც, ესეც ზუსტად ჯერ არ იციან), ამ პერიოდში, მიწა რომ გაჩერდება, დაიწყებენ ამ ტერირორიაზე ქონებისა და მიწის ათვლას, გაანგარიშებას და შესაბამისად გამოიკვეთება ანაზღაურების ნაწილიც. გეტყვიან კონკრეტულ თანხა და მერე დაიწყებ სახლის, მიწის ან რამის ძებნას.
ესაა, რაც გუშინ მითხრეს, ამის იქით არაფერი ვიცი.
რაც შეეხება გეოლოგიურ პროცესებს, წვიმს და წვიმა იქნება ეს დღეები. ჩამოიტანს, ალბათ, ყველაფერს და ვნახოთ, რა დარჩება.
სახლებში ისევ არ გვიშვებენ, რა თქმა უნდა. თუმცა ყველაფერი რომ გაჩერდება, გვითხრეს, რომ თუ რამე გადარჩა, ნივთების გამოსატანად შეიძლება შევიდეთ.” – წერს სოციალურ ქსელში მარიამ ბეროძე.
ცნობისთვის, სოფელ კურსებში მეწყერი 12 მარტს გამთენიისას ჩამოწვა. დაზიანებულია 58 ჰექტარი ფართობის მიწა. მეწყერმა 15-მდე სახლი მოიყოლა, თუმცა უწყვეტი მეწყრული პროცესის გამო სახლების ნგრევა გრძელდება. სოფლიდან მაშველებმა 45 უჯახი უვნებლად გამოიყვანეს, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ადგილობრივები ქუთაისისა და ტყიბულის სასტუმროებში იმყოფებიან. ოჯახები გეოლოგების დასკვნას ელოდებიან, რომელიც, როგორც ცნობილია, რამდენიმე დღეში უნდა გასაჯაროვდეს.

