თავად „მოსკოვის მექანიზმის“ წარმომადგენლებს, რომლებიც იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, წარვუდგინეთ აქციის მიმდინარეობის ვიდეომასალა და თავადვე აღიარეს, რომ აქცია ძალადობრივი ხასიათის იყო, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ექსპერტის მიერ საქართველოზე მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას.
მისი თქმით, პოლიციამ გამოიყენა შესაბამისი პროპორციული ძალა და საშუალებები, რისი გამოყენების სრული ლეგიტიმური არათუ უფლება, ვალდებულება ჰქონდა.
„უნდა გავიხსენოთ რა ხდებოდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში. ვერავინ იტყვის, რომ აქცია მშვიდობიანი იყო. თავად „მოსკოვის მექანიზმის“ წარმომადგენლებს, რომლებიც იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, წარვუდგინეთ აქციის მიმდინარეობის ვიდეომასალა და თავადვე აღიარეს, რომ აქცია ძალადობრივი ხასიათის იყო. ეს ჩანაწერი არსებობს შსს-ში. როდესაც არის ძალადობრივი აქცია, ადგილი აქვს სახელმწიფო უწყებებზე თავდასხმას, კარგად ნახეთ, საქართველოს პარლამენტის შენობა ფაქტობრივად იყო გადამწვარი აქციის მოძალადე მონაწილეების მხრიდან, პოლიციამ გამოიყენა შესაბამისი პროპორციული ძალა და საშუალებები, რისი გამოყენების სრული ლეგიტიმური არათუ უფლება, ვალდებულება ჰქონდა მას.
რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევაში თანამშრომელთა მხრიდან ადგილი თუ ჰქონდა გადაცდომებს, ამის გამოძიების უფლება შსს-ს არ აქვს, რადგან თავის თანამშრომლების სავარაუდო გადაცდენის ფაქტებს ვერ გამოიძიებს. აღნიშნულ საკითხს ჯერ იძიებდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ვინაიდან ეს სამსახური შეუერთდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ახლა გენერალური პროკურატურა იძიებს ამ საკითხს“, – აღნიშნა დარახველიძემ.
პატრიცია გჟებიკი ის ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტია, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას ხელი მოაწერა და „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნად წარმოადგინა.
ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა. კერძოდ, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას სთხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას.
ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) , „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას.
