ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორი ითხოვს გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის გაუქმებას ან სულ მცირე, არსებითად გადახედვას. სამწუხაროდ, მან სრულად უგულებელყო საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების 5 მცდელობა, რომელშიც უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად იყვნენ ჩართული , – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
პრემიერის თქმით, უნივერსალური სამართლებრივი პრინციპის თანახმად, ნებისმიერი გარე ჩარევა უცხო ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში უხეშად არღვევს სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს და შესაბამისად, დაუშვებელია. ეს უნივერსალური სამართლებრივი პრინციპი საქართველოში გასული წლების განმავლობაში სისტემატურად, სისტემურად, ღიად და უხეშად ირღვეოდა.
„მეორე – გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა. ანგარიშის ავტორი ითხოვს გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის გაუქმებას ან სულ მცირე, არსებითად გადახედვას. სამწუხაროდ, მან სრულად უგულებელყო საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების 5 მცდელობა, რომელშიც უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად იყვნენ ჩართული. უნივერსალური სამართლებრივი პრინციპის თანახმად, ნებისმიერი გარე ჩარევა უცხო ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში უხეშად არღვევს სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს და შესაბამისად, დაუშვებელია. ეს უნივერსალური სამართლებრივი პრინციპი საქართველოში გასული წლების განმავლობაში სისტემატურად, სისტემურად, ღიად და უხეშად ირღვეოდა. ანგარიშის ავტორისთვის იოლი გასააზრებელი უნდა ყოფილიყო, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობის ლეგიტიმური მიზანია, სამომავლოდ დაიცვას საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი და ქვეყნის დემოკრატიული სისტემა ამგვარი უხეში გარე ჩარევებისგან. თუმცა, მან ამ მარტივი დასკვნის ანგარიშში ასახვისგან თავი შეიკავა. ანგარიშში არ არის წარმოდგენილი არცერთი ღირებული კრიტიკული შენიშვნა გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის წინააღმდეგ“, – განაცხადა პრემიერმა.
