კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია მოთავსებულია პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე მივიდნენ.
მათთან ერთად იმყოფება თავდაცვის მინისტრი, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
როგორც ცნობილია, ამ დრომდე გრძელდება სამედიცინო კონსილიუმი. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები, რომლებიც განიხილავენ მკურნალობის სამომავლო ნაბიჯებს, მათ შორის საჭიროა თუ არა უცხოეთიდან სპეციალისტების მოწვევა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
