სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო პანაშვიდი გრძელდება. ხალხმრავლობაა როგორც ტაძრის შიგნით, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მოქალაქეები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ემშვიდობებიან. არ წყდება მოქალაქეების ნაკადი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ცხედარია დასვენებული. ათასობით ადამიანი ცდილობს პატივი მიაგოს იმ ადამიანის ხსოვნას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ერის ერთიანობისა და სულიერი სიმტკიცის სიმბოლო იყო.
“დღეს ჩვენ ყველანი ერთმანეთის ჭირისუფლები ვართ, თუმცა ამ დღეს ახლავს ნუგეშიც, მართალია უწმინდესი ამქვეყნიური ცხოვრებიდან გავიდა, მაგრამ ის ზეციურ მფარველად მოევლინება ქვეყანას, რომლის მსახურებასაც შესწირა მთელი თავისი სიცოცხლე. მისი ბოლო სიტყვები იყო, რომ გიყვარდეთ ადამიანებო ერთმანეთი და მე მინდა ეს ვთქვა მხოლოდ, მე მისი ხელების სითბო ყოველთვის მემახსოვრება, მისი კალთის სითბო და მინდა, რომ მისი ლოცვა-კურთხევა არასოდეს არ მოშლოდეს მთელ საქართველოს,” – აღნიშნა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
პატრიარქს, მისი ანდერძის თანახმად, კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
