ერები მდგრადნი რჩებიან როდესაც ინარჩუნებენ იდენტობის მკაფიო შეგრძნებას და ერთგულნი რჩებიან იმ ღირებულებების, რომლებიც მათ განსაზღვრავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მსოფლიო გადამწყვეტ ტრანსფორმაციას განიცდის და ქვეყნები ვეღარ არიან დარწმუნებულნი, რომ გუშინ მოქმედი სისტემები ხვალაც იმუშავებს.
„ჩვენ აქ იმ დროს ვიკრიბებით, როდესაც მსოფლიო გადამწყვეტ ტრანსფორმაციას განიცდის. ქვეყნები ვეღარ არიან დარწმუნებულნი, რომ გუშინ მოქმედი სისტემები ხვალაც იმუშავებს.
ასეთ დროს თითოეულმა ქვეყანამ პასუხი უნდა გასცეს ერთ ფუნდამენტურ კითხვას: როგორ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები ისე, რომ არ დავკარგოთ ჩვენი ღირებულებები და ტრადიციები.
საქართველოსთვის ეს კითხვა ჰიპოთეტური არ არის. უკვე 30 საუკუნეა, ჩვენი მცირე ზომის ქვეყანა ცივილიზაციების გზაჯვარედინზე დგას — აკავშირებს ევროპას და აზიას, კულტურებს, სავაჭრო გზებსა და იდეებს.
ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ვისწავლეთ: ერები მდგრადნი რჩებიან როდესაც ინარჩუნებენ იდენტობის მკაფიო შეგრძნებას და ერთგულნი რჩებიან იმ ღირებულებების, რომლებიც მათ განსაზღვრავს. საქართველოში ეს კულტურული საფუძველი მჭიდროდ არის ისტორიულად დაკავშირებული ჩვენს ქრისტიანულ ტრადიციასთან“, – განაცხადა პრემიერმა.
