ელენე ხოშტარიას ციხეში ყოფნას მიზეზი და მიზანი აქვს. მიზეზი გირაოს არგადახდაა, მიზანი, რის გამოც გარედან კარნახით ციხეში ჩატოვეს, არის, რომ შემდეგ რეზოლუციებზე ემსჯელათ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ელენე ხოშტარიას ციხეში ყოფნის მიზეზი გირაოს გადაუხდელობაა.
„ელენე ხოშტარია ციხეში ერთადერთი მიზეზის გამოა, გირაო არ გადაიხადა. ისევე, როგორც თავის დროზე ნიკა მელიამ არ გადაიხადა გირაო. გახსოვთ, მაშინ საქართველო თავდასხმების როგორი ობიექტი იყო. ნიკა მელიამ ეს ყველაფერი სტრასბურგში წაიღო და საქართველოს წინააღმდეგ დამარცხდა. უთხრეს, რომ კანონებს უნდა დაემორჩილოს.
ელენე ხოშტარიას ციხეში ყოფნას მიზეზი და მიზანი აქვს. მიზეზია ის, რომ გიარაო არ გადაიხადა. მიზანია ის, რის გამოც გარედან კარნახით ციხეში ჩატოვეს, რომ შემდეგ რეზოლუციებზე ემსჯელათ. სამარცხვინო განხილვები ვნახეთ, სადაც იყო ქართველ ხალხზე ბოღმის და ზიზღის ნთხევა. ამით დაკავებულია ზოგიერთი პასპორტით ევროპელი, თორემ მათ ღირებულებითი ევროპული აღარ აქვთ. ყოველ შემთხვევაში, თანამედროვე გაგებით, თორემ, სამწუხაროდ, ასი წლის წინანდელ ევროპას ზოგიერთი წააგავს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მანამდე სასამართლომ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. ელენე ხოშტარია საპატიმრო დაწესებულების დატოვებას გირაოს გადახდის შემდგომ შეძლებდა, თუმცა ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.
