თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების სასამართლო პროცესი გაიმართა.
სხდომაზე ბრალდების და დაცვის მხრემ შესავალი სიტყვები წარადგინეს.
მტკიცებულებათა გამოკვლევა შემდგომი სასამართლო სხდომებიდან დაიწყება.
„ბრალდების მხარემ წარმოვადგინეთ შესავალი სიტყვა, იმ მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შესახებ, რომელთაც შემდეგი ეტაპიდან გამოვიკვლევთ, როცა მოწმეთა დაკითხვას დავიწყებთ.
ამ შემთხვევაში, მივუთითეთ სასამართლოს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხება არაერთი პირი, რომლებიც უშუალოდ, დანაშაულის ჩადენის ადგილზე იმყოფებოდნენ და ფლობდნენ ინფორმაციას ბრალდებულთა ქმედებების შესახებ. ვესაუბრეთ სასამართლოს იმის შესახებ, რომ გამოვიკვლევთ ვიდეოჩანაწერებს, რომელშიც ნათლად არის წარმოდგენილი თუ რა ტიპის მოწოდებებს ახორციელებდნენ ბრალდებულები, ასევე, ვისაუბრეთ ფარულ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე, რომელშიც, ასევე, ნათლად არის წარმოდგენილი შეთანხმება კონკრეტულ ბრალდებულებს შორის იმასთან დაკავშირებით, რომ გაავრცელონ მცდარი ინფორმაცია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ასევე ვისაუბრეთ იმ ნივთიერ მტკიცებულებებზე და სხვა საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება აღნიშნული საკითხის განხილვის დროს, როგორც ბრალდების მხარის მტკიცებულება.
ასევე, დღევანდელ სხდომაზე განხილული იქნა დაცვის მხარის შუამდგომლობა სხდომის გახსნასთან დაკავშირებით, რაც არ დაკმაყოფილდა, ჩვენ დაცვის მხარეს არ დავეთანხმეთ იქიდან გამომდინარე, რომ წინა სასამართლო სხდომაზე არაერთხელ და უხეშად დაირღვა როგორც დაცვის მხარის მხრიდან, ასევე, სხდომაზე დამსწრე პირების მხრიდან წესრიგი“, – განაცხადა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულების საქმის პროკურორმა ანა ხუბეჯაშვილმა.
