მისი უწმინდესობა ამ ეპოქის ყველაზე დიდი პერსონაა, თუ არავინ მიწყენს, ბოლო ასწლეულში დიდი მოვლენაა, ეპოქალური, რომელიც სწორად იყო მიმართული ჩვენი კულტურის, იდენტობის, ისტორიული, პოლიტიკური და ყველა რაკურსით. ის ფიქრობდა ყოველთვის საქართველოზე, საქართველოს გამორჩეულობაზე, ჩვენს ისტორიასა და იდენტობაზე, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.
მისივე თქმით, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ იყო დუმილის, სიჩუმის, დიდი ტრაგედიის დღეები, რომელიც ყველამ ერთად გაიარა ღირსეულად.
„ალბათ ჩვენ ყველა მოვიქეცით ისე, როგორც მისი უწმინდესობა მთელი ცხოვრება ჩვენ გვექცეოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სანიმუშოდ მართა პროცესი. ამდენ ადამიანს სწორი მიმართულების მიცემა სჭირდება. არა ის, რომ უკარნახო როგორ მოიქცნენ, არამედ ისინი რომ ასე კარგად იქცევიან, შენ სწორად მართო ეს პროცესი“, – აღნიშნა თინათინ რუხაძემ.
კულტურის მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სახელმწიფო კომისიაზე, რომელიც სპეციალურად პატრიარქის დაკრძალვისთვის შეიქმნა.
„იმ დღეებში როდესაც გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ეს იყო ერთი დღე, პირველი დარტყმა ჯანდაცვამ აიღო და პირველი შოკი, როდესაც გავიგეთ, რომ პატრიარქი კლინიკაში გადაიყვანეს, იყო მაშინ. როდესაც ეს ამბავი მოხდა ღამისთევით გადავედით საპატრიარქოში და იქაც ყველა ერთად ვიყავით, ერთად ვწყვეტდით ამ საკითხებს. იქ, სადაც იერარქიული მოწყობა არსებობს, არსებობს პროტოკოლები, სამწუხაროა, რომ ჩვენთან ეს პროტოკოლი არ იყო. [პატრიარქი] თვითონ არ გაწერდა თავისი გარდაცვალების პროტოკოლს და ჩვენ მოგვიწია ამის გაკეთება. რა საკვირველია, ეკლესიაში შეიქმნა დამკრძალავი კომისია მთავრობასთან ერთობლივად, მთავრობა სრულად იყო ჩართული და ყველას ჩვენ-ჩვენი ფუნქცია და მოვალეობა გვქონდა.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასობით დელეგატი მიიღო და მინდა მადლობა ვუთხრა, ასევე მადლობა მინდა ვუთხრა საპატრიარქოს და ყველა უწყებას. სახელმწიფო იდგა ღირსეულად იქ, სადაც უნდა მდგარიყო და მადლობა ჩვენი გუნდის ყველა წევრს“, – განმარტა მინისტრმა.
თინათინ რუხაძე ასევე ამბობს, რომ ქართველის ხალხის მხრიდან გამოხატული ეს ემოცია საკმაოდ მოულოდნელი იყო.
„ყველას ჩვენი უწმინდესი გყავდა, მე არ ველოდი, რომ ასეთი რეაქცია გვექნებოდა ჩვენ ყველას. ემოცია დიდი იყო, ალბათ ქვეცნობიერი გრძნობს, რამხელა რაღაც დამთავრდა. ჩვენ ყველას კიდევ ბევრი გვაქვს გასაგები და მისი უწმინდესობის გზა ჩემთვის საქართველოს გადაშლილი წიგნივით იყო“, – დასძინა მინისტრმა.
