“რუსთავი 2-თან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანმა ისაუბრა.
“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტის კითხვაზე – მინდა გკითხოთ კანდიდატის სტატუსზე. პრაგმატულად რომ შევხედოთ, ეს სტატუსი ხომ არ იქცა “ტროას ცხენად,” რომლითაც ევროკავშირი ქვეყანას სთხოვს საკუთარი საკანონმდებლო სუვერენიტეტისა და კულტურული იდენტობის დათმობას წევრობის სანაცვლოდ?
ევროპარლამენტარი პასუხობს: “ისინი ყოველთვის ასე იქცევიან. მათ აქვთ თავისი “ვოუკ” იდეოლოგია. მახსოვს, 6 წლის წინ აფრიკაში ერთ შეხვედრაზე ღარიბი ქვეყნის წარმომადგენლებმა თქვეს – განათლებისა და საკვებისთვის ფული არ გვყოფნისო. ევროკავშირის პირველი კითხვა კი იყო: “რას აკეთებთ ტრანსსექსუალებისთვისო?” – ეს ხომ სრული სიგიჟეა. ზოგიერთი ელჩი სხვა ქვეყნებში ისე იქცევა, როგორც გერმანული ოკუპაციის დროს “გაულაიტერები” იქცეოდნენ. გეუბნებიან: “ეს უნდა გააკეთო!” თქვენ ხომ არ ხართ ოკუპირებული ტერიტორია ან მე-19 საუკუნის კოლონია? მაგრამ მათთვის ეს ნორმალურია, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ ისტორიის “სწორ მხარეს” დგანან. ადრე ბრძანებებს მოსკოვიდან იღებდით, დარწმუნებული არ ვარ, რომ ქართველ ხალხს ბრიუსელიდან ბრძანებების მიღება უნდა. მთავრობა შეგიძლიათ არჩევნებით შეცვალოთ, მაგრამ თუ პოლიტიკა ბრიუსელში გადაწყდება, მას ვეღარ შეცვლით,” – აღნიშნა ტიერი მარიანმა.
კითხვაზე – ცვლილებებზე რადგან საუბრობთ, არის თუ არა შანსი, რომ სიტუაცია თავად ევროკავშირის შიგნით შეიცვალოს?
მარიანი პასუხობს: “შესაძლებელია თუ არა ცვლილება? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიდ ქვეყნებში, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ევროკავშირის დამფუძნებელ სახელმწიფოებს, მაგალითად, გერმანია, საფრანგეთი, იტალია – მთავრობები შეიცვლება. ფაქტია, ჩვენ გვინდა ევროპა, მაგრამ გვინდა თავისუფლებისა და თანამშრომლობისთვის და არა “პოლიტბიუროს” ადმინისტრაცია, რომელიც გვეტყვის, რომ “ქალი ქალი არ არის”, ან ჩვენი ფული როგორ დავხარჯოთ.
დღეს ევროკავშირი ხელოვნური გაერთიანებაა, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირი იყო. ისტორიაში ყველა ასეთი იმპერია ადრე თუ გვიან გაქრა. უკრაინის ომმა აჩვენა ევროკავშირის ქედმაღლობა. ვფიქრობ, ეს ომი ევროკავშირისთვის იგივე იქნება, რაც ავღანეთის ომი იყო საბჭოთა კავშირისთვის – დასასრულის დასაწყისი. არ მინდა ევროკავშირი დაიშალოს, უბრალოდ, იმედი მაქვს, რომ ეს ბიუროკრატია შეიცვლება და გაჩნდება ისეთი ევროკავშირი, რომელიც პატივს სცემს ერების თავისუფლებას,” – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
