სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მიზანია, ფარმაცევტულ კომპანიებთან ერთად განიხილოს მედიკამენტების ფასწარმოქმნის პროცესი. 2023 წლიდან რეფერენტული ფასების პროგრამა ხორციელდება და გვინდა, თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ, რამდენად წარმატებულია აღნიშნული პროგრამა, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა კომისიის დღევანდელი სხდომის დაწყებისას განაცხადა.
მისი თქმით, კომისიისთვის ასევე საინტერესოა, გაიგოს, დამატებით რა შესაძლებლობები არსებობს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, რათა საქართველოს მოსახლეობამ საუკეთესო პროდუქტი საუკეთესო ფასად მიიღოს.
დროებითი კომისიის სხდომაზე მიწვეულმა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმა, რომელთა ხვედრითი წილი საქართველოს მედიკამენტების ბაზრის 80%-ს შეადგენს, მედიკამენტების, ჰიგიენური და თავის მოვლის საშუალებების და ბავშვთა კვების პროდუქტების ფასწარმოქმნის სტრუქტურაზე, სააფთიაქო ქსელების მართვის საკითხებსა და რეალიზებული მედიკამენტებიდან სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეფერენტული ფასების წილობრივ მაჩვენებლებზე ისაუბრეს.
„პსპ ფარმას“, „ავერსი ფარმას“, „გეფას“ და „იმპექსფარმის“ წარმომადგენლებმა კომისიის წევრებს რეფერენტული ფასების მოდელის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. როგორც მათ აღნიშნეს, პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და დღეს თუ რეფერენტული ფასები მედიკამენტების დაახლოებით 70%-ს მოიცავს, მისი გაზრდის შემთხვევაში კომპანიების მხრიდან პრობლემა არ შეიქმნება. კომისიის სხდომაზე მიწვეულმა სტუმრებმა როგორც ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ოდენობებზე, მათ ხარისხსა და სააფთიაქო ქსელებში რეალიზებიდან მიღებულ შემოსავლებზე ისაუბრეს.
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმა აღინიშნეს, რომ ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში მოსახლეობისთვის მედიკამენტების ფასები ბევრად მისაღები გახდება. თუმცა წარმოების პროცესი დიდ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს. კომპანიების წარმომადგენლებმა ბავშვთა კვების მიმართულებაზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ პროდუქცია სრულად იმპორტირებულია და იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები მწარმოებელს ერთობლივი განაცხადით მიმართავენ, დიდი ოდენობით შეკვეთა პროდუქციის ფასს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
დროებითი კომისიის სხდომა კითხვა-პასუხის და დისკუსიის ფორმატში წარიმართა. სხდომაზე განხილული საკითხები კომისიის თავმჯდომარემ შეაჯამა.
„შეხვედრაზე მნიშვნელოვანი დეტალები გამოიკვეთა. ერთობლივად მივდივართ დასკვნამდე, რომ რეფერენტული ფასების მოდელი წარმატებით მუშაობს, რაც საშუალებას იძლევა, საქართველოში მედიკამენტების ფასები ევროპულ ქვეყნებთან შედარებით დაბალი იყოს. ასევე ვთანხმდებით, რომ რეფერენტული მედიკამენტების რაოდენობის გაზრდა შესაძლებელია. ვმუშაობთ, რომ 7000 მედიკამენტიდან რაოდენობა უფრო მეტად გაიზარდოს და სრულად, 100% მოიცვას. რაც შეეხება ბავშვთა კვების მიმართულებას – მნიშვნელოვანია, რომ აქაც გვაქვს გარკვეული მექანიზმები, რომლის წარმატებით ამოქმედების შემთხვევაში შეიძლება ხელშესახები შედეგები მივიღოთ. მივესალმებით ფარმაცევტული კომპანიების იდეას, რომელიც მწარმოებლებისგან პირდაპირ შესყიდვებს უკავშირდება, რაც ფასწარმოქმნის ჯაჭვს მნიშვნელოვნად დაამოკლებს. პარლამენტი მზად არის, ამ ნაწილში შესაძლებლობების ფარგლებში დაგეხმაროთ და გვერდში დაგიდგეთ“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით შეხვედრები დაასრულა და ამ ეტაპზე მედიკამენტების ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით შესაბამის სუბიექტებთან მართავს შეხვედრებს.
