სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშში გასული წლის 4 ოქტომბრის მოვლენებზეც არის საუბარი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი საქართველოში გეგმავდა სამოქალაქო არეულობისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო.
უწყების ცნობით, 4 ოქტომბერს ორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების განხორციელება იგეგმებოდა.
„ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილი იყო დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით. საქმის მასალების თანახმად, უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი მეთაურის მითითებებით, რაც დასტურდება არაერთი მტკიცებულებით, საქართველოს მოქალაქის მიერ შეძენილი იყო დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები, რომლებიც გადამალული იყო სპეციალურ სამალავში თბილისის მახლობლად, ტყის მასივში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, იმ პირთა განეიტრალება მოხერხდა, რომელთაც სავარაუდოდ, აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ. ასევე, იდენტიფიცირებული იყო პირი, რომელმაც შეკვეთით დაამზადა დეტონატორის პულტი, რომლითაც შესაძლებელი იყო ასაფეთქებელი მასალის მოქმედებაში მოყვანა. შედეგად. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, თავიდან იყო აცილებული 2025 წლის 4 ოქტომბერს ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების განვითარება და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებების მცდელობა. დაკავებული იქნენ და ბრალი წარედგინათ ძალადობრივ აქციებში ჩართულ პირებსა და ორგანიზატორებს“, – ნათქვამია ანგარიშში.
