ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მიზეზებს განმარტავს.
როგორც მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ემრე ჩაბუქის განაცხადის შეფასებისას გაანალიზდა თუ რამდენად ჰქონდა უწინ და ამჟამად რამდენად ემუქრება ჩაბუქს თურქეთის რესპუბლიკაში დევნა.
”როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოში თავშესაფრის მიღების თხოვნით, ლტოლვილთა სამინისტროს მომართა. სამინისტროს მიერ ბატონ ჩაბუქთან დაკავშირებით ჩატარდა კანონით გათვალისწინებული პროცედურა. კერძოდ, მას ჩაუტარდა გასაუბრება. სრულად იქნა შესაწავლილი როგორც მისი, ასევე სამინისტროს მიერ მოპოვებული ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ, ასევე თურქეთის მხარის მიერ მოწოდებული საექსტრადაციო მასალები. ინფორმაციის შესწავლის შემდგომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბატონ ემრე ჩაბუქისთვის საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. ბატონი ემრე ჩაბუქის პერსონალური მონაცემების დაცვისა და კონფიდენციალურობის გათვალისწინებით სამინისტრო არ ასაჯაროებს მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს და არგუმენტაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე განვმარტავთ – ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენცია ითვალისწინებს თავშესაფრის მაძიებლისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი წევრობის ან პოლიტიკური მრწამსის გამო დევნის საფუძველს. ბატონი ემრე ჩაბუქის საქმის დეტალების შესწავლისას გაანალიზდა, თუ რამდენად ემუქრება ბატონ მუსტაფა ჩაბუქს თურქეთის რესპუბლიკაში დევნა, ასევე, გათვალისწინებულ იქნა 2016 წელს თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენები, ამასთან, გათვალისწინებულ იქნა მიმდინარე საექსტრადაციო პროცედურები. სამინისტრომ მხედველობაში მიიღო თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ქართული მხარისთვის, კონკრეტულად ბატონი ჩაბუქის მიმართ წარმოდგენილი დიპლომატიური გარანტიები.
ისევე, როგორც გათვალისწინებულ იქნა თურქეთის ციხეებში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ფუნქციით ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნისა და ფუნქციონირების ფაქტი, ასევე, მხედველობაში იქნა მიღებული ევროპაში თავშესაფრის მიღების ოფისის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა დეპარტამენტების ანგარიშები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გაანალიზების შედეგად სამინისტრომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია საქართველოში ემრე ჩაბუქისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭება საქართველოს კანონით დადგენილი საფუძვლით”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.