შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ოპერატიული მართვის ცენტრში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული დატბორვის ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით, სულ 17 შეტყობინება დაფიქსირდა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის (ხობი) და რაჭა-ლეჩხუმის (ონი) რეგიონებში, ადიდებული მდინარეების, ღელეებისა და ძლიერი წვიმის გამო, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები.
შსს-ს სამაშველო ჯგუფებმა უკლებლივ ყველა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს. ისინი წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ და ადგილობრივებს საყოფაცხოვრებო ნივთების უსაფრთხო ადგილზე გადატანაში ეხმარებიან.
კომენტარები