პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთი, შესაძლოა, ნატოს წევრ ქვეყანას თავს დაესხას.
მისი თქმით, საუბარია არა წლებზე, არამედ თვეებზე. ამასთან ერთად, ის შიშობს, არის თუ არა აშშ მზად შეასრულოს საკუთარი ვალდებულება, რომელიც მას ნატოს წინაშე აქვს აღებული.
„მთელი აღმოსავლეთ ფლანგის, ჩვენი მეზობლების კითხვა მდგომარეობს იმაში, არის, თუ არა ნატო ორგანიზაცია, რომელიც მზადაა პოლიტიკურად, ლოგისტიკურად პასუხი გასცეს, მაგალითად, რუსეთს, თუ ის კვლავ შეეცდება თავდასხმას?“, – აღნიშნა ტუსკმა.
როგორც პოლონეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, არ არის საჭირო მისი სიტყვები ნატოს კოლექტიური თავდაცვის შესახებ, სკეპტიციზმად აღიქვან. მისი თქმით, ის იმედოვნებს, რომ ქაღალდზე დაწერილი გარანტიები პრაქტიკაზე განხორციელდება.
„ეს მართლაც სერიოზულია. მე ვსაუბრობ მოკლევადიან პერსპექტივაზე, თვეებზე და არა წლებზე“, – განაცხადა ტუსკმა რუსეთის შესაძლო თავდასხმაზე საუბრისას.
ტუსკის თქმით, მას აშშ-პოლონეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით არავითარი კომპლექსები არ აქვს. პრობლემა მდგომარეობს იმაში, როგორც პოლონეთის პრემიერმა თქვა, როგორი იქნება აღნიშნული ურთიერთობები პრაქტიკული საფრთხის შემთხვევაში.
„მინდა მჯეროდეს, რომ მეხუთე მუხლი კვლავ მოქმედია, მაგრამ, ხანდახან, რა თქმა უნდა, პრობლემები მაქვს“, – თქვა ტუსკმა.
