აშშ-ში დააკავეს სამხედრო, რომელიც მონაწილეობდა ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციაში და ამ ოპერაციის შედეგზე ფსონებს დებდა. მან ამ გზით 400 ათას დოლარზე მეტი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
საუბარია სპეციალური დანიშნულების ძალების სამხედროზე, გენონ კენ ვან დაიკზე, რომელიც მონაწილეობდა ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციაში და Polymarket-ის პლატფორმაზე ოპერაციის შედეგზე ფსონებს დებდა.
ბრალდების მიხედვით, 38 წლის ვან დაიკი მსახურობდა ფორტ ბრეგის ბაზაზე და 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის იანვრამდე მონაწილეობდა ვენესუელაში საიდუმლო ოპერაციის დაგეგმვაში. ინფორმაციის გამჟღავნების აკრძალვის მიუხედავად, მან საიდუმლო მონაცემებზე წვდომა პირადი სარგებლის მისაღებად გამოიყენა.
დეკემბერში ვან დაიკმა Polymarket-ზე ანგარიში შექმნა და 13 ფსონი დადო, თითო 33 000 დოლარის ოდენობით, რომ აშშ-ის სამხედროები ვენესუელაში შეიჭრებოდნენ და მადურო ხელისუფლებას ჩამოშორდებოდა. საბოლოოდ, სპეციალური დანიშნულების სამხედრომ ამ ფსონებით 400 ათას დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
ვენესუელაში ოპერაციის შემდეგ მან მიღებული თანხის დიდი ნაწილი კრიპტოვალუტაში გადაიყვანა და Polymarket-ს სთხოვა, მისი ანგარიშის წაეშალა.
ვან დაიკს ბრალი წაუყენეს კონფიდენციალური სამთავრობო ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებაში პირადი სარგებლისთვის, არასაჯარო სამთავრობო ინფორმაციის მითვისებაში, თაღლითობაში და უკანონო ფინანსური ოპერაციების განხორციელებაში.
