უკრაინელი ჯარისკაცების შიმშილთან დაკავშირებულმა სკანდალმა უკრაინული არმია შეძრა, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „პოლიტიკო”.
როგორც გამოცემა იუწყება, ინფორმაცია, რომ უკრაინაში ფრონტის ხაზზე ჯარისკაცები შიმშილობენ, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მედიაში სამხედროების ფოტოები გავრცელდა. შემთხვევის გამო გენერალურმა შტაბმა ერთი მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა, ხოლო მეორე ჩამოაქვეითა. ჯარისკაცები მე-14 ბრიგადაში მსახურობდნენ, ხოლო მათზე პასუხისმგებელ ორ ოფიცერს ბრალად ედებათ არსებული ვითარების შესახებ უმაღლესი სარდლობისთვის ინფორმაციის დაფარვა.
ინფორმაციის თანახმად, ხარკოვის რეგიონში, მდინარე ოსკილის გადაღმა მდებარე ფრონტის ხაზზე განლაგებული მეორე ბატალიონის ჯარისკაცები წვიმის წყალს სვამდნენ და შიმშილისგან გონებას კარგავდნენ.
როგორც უკრაინის გენერალურმა შტაბმა განმარტა, მოწინააღმდეგის სისტემურმა საჰაერო და სარაკეტო დარტყმებმა მდინარე ოსკილზე გადასასვლელები მნიშვნელოვნად დააზიანა, რამაც სამხედროების მომარაგება გაართულა. უწყების თქმით, ამ რაიონში ლოგისტიკა ძირითადად ნავებითა და მძიმე უპილოტო აპარატებით ხორციელდება.
გენშტაბის განცხადებით, ბრიგადის მეთაურები ყურადღებას ამახვილებდნენ საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და სამხედროების დაცვაზე დრონების შეტევებისგან, თუმცა უმაღლეს ხელმძღვანელობას ადგილზე არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს. უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ საკვების დეფიციტის შესახებ წინასწარ ინფორმაცია არ ჰქონდათ და უკვე დაწყებულია გამოძიება პასუხისმგებელი პირების ქმედებებზე. სამხედროების ევაკუაცია კი ვითარების გაუმჯობესებისთანავე მოხდება.
უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერატიულმა ჯგუფმა, არმიის ქვედანაყოფმა, რომელიც გასულ წელს ხარკოვის ოლქში ჯარების სამართავად შეიქმნა, შექმნილ ვითარებას „საშინელი მენეჯმენტის სირცხვილი“ უწოდა.
„ეს არის კორპუსის დონეზე მიღებული გრძელვადიანი მმართველობითი გადაწყვეტილებებისა და ქვედანაყოფებთან მისი ურთიერთქმედების შედეგი. ამავდროულად, სხვადასხვა დონეზე ისმოდა მოხსენებები იმის შესახებ, რომ სიტუაცია ორგანიზებული და კონტროლირებადი იყო, რაც, როგორც ყველამ ნახა, რეალობას არ შეესაბამება“, – ნათქვამია უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერატიული ჯგუფის გავრცელებულ განცხადებაში.
ჯგუფმა განაცხადა, რომ აქტიურად მუშაობს პრობლემის გადასაჭრელად და მე-14 ბრიგადის პოზიციებზე დამატებითი მარაგები დაუყოვნებლივ გაგზავნა. ამასთან, სხვა მეთაურებს მოუწოდეს, არ დაემალათ სირთულეები ცენტრალური სარდლობისგან.
„მთავარია ადამიანების შენარჩუნება და მათ მიმართ ჰუმანური დამოკიდებულება. ყველაფერი დანარჩენი შეიძლება გამოსწორდეს სისტემატური მუშაობით“, – ნათქვამია განცხადებაში.
მე-14 ბრიგადის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მისი „ახლად დანიშნული ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ტარას მაქსიმოვი ინტენსიურ ზომებს იღებს სიტუაციის გამოსასწორებლად“.
„ყველა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე და ჯანმრთელობა აბსოლუტური პრიორიტეტია. სამხედრო ნაწილის სარდლობა კონტაქტშია სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებთან. სიტუაცია ბრიგადის მეთაურის განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ რჩება, ვიდრე ის სრულად მოგვარდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
