ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განაცხადებით, ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ზავის საბოტაჟს ცდილობს.
ნეთანიაჰუს განცხადებით, მან და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს ირანთან და ლიბანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
„დაგპირდით, რომ ახლო აღმოსავლეთის სახეს შევცვლიდით და ზუსტად ამას ვაკეთებთ. შესანიშნავი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან. ის ირანზე ძალიან ძლიერ ზეწოლას ახდენს როგორც ეკონომიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით. ჩვენ სრული თანამშრომლობით ვმოქმედებთ. იგივე ეხება ლიბანსაც. დავიწყეთ ისრაელსა და ლიბანს შორის ისტორიული მშვიდობის მიღწევის პროცესი და ჩვენთვის ნათელია, რომ „ჰეზბოლა“ ცდილობს ამის საბოტაჟს. ვინარჩუნებთ მოქმედების სრულ თავისუფლებას ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ, მათ შორის ახალი საფრთხეების. გუშინაც და დღესაც დარტყმა განვახორციელეთ. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, აღვადგინოთ უსაფრთხოება ჩრდილოეთის მცხოვრებლებისთვის“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა.
დონალდ ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივების შესახებ 23 აპრილს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში ლიბანსა და ისრაელს შორის ელჩების დონეზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.
