უკრაინამ და მისმა პარტნიორებმა სუნთქვა შეიკავეს და ელოდებიან, თუ როგორ იმოქმედებს ირანში ომი აშშ-ის სამხედრო დახმარებაზე, განსაკუთრებით Patriot-ის ტიპის ძლიერი საზენიტო რაკეტების მიწოდებაზე, რომელთა მეშვეობითაც კიევს რუსული ბალისტიკური შეტევების შეჩერების იმედი ჰქონდა. ინფორმაციას Foreign Policy ავრცელებს.
„ყველაფერი დამოკიდებული იქნება ირანის გარშემო შექმნილ ვითარებაზე“, – ციტირებს გამოცემა ერთ-ერთ ანონიმურ ევროპელ დიპლომატს.
როგორც გამოცემა იუწყება, რუსეთი დიდი ხანია ცდილობს ჩაახშოს უკრაინელების წინააღმდეგობა ბალისტიკური რაკეტების მეშვეობით, კერძოდ, იყენებს რა ძლიერ რაკეტებს კიევის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად.
Foreign Policy-ს ინფორმაციით, აშშ 2023 წლის აპრილიდან უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებით ამარაგებს. ისინი რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად არის საჭირო. Patriot-ის სისტემებით უკრაინას ევროპული ქვეყნებიც ამარაგებენ.
თუმცა, 2025 წლის აპრილიდან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აღნიშნული შეიარაღების გადაცემა შეწყვიტა და ისინი ნატოს ქვეყნებს მიჰყიდა. შესყიდვის შემდეგ ალიანსი უკრაინას აღნიშნულ იარაღს თავად აწვდის.
ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა არასდროს იყო გამართული. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მუდმივად საუბრობდა იმაზე, რომ რაკეტების არასაკმარისი რაოდენობა ჰქონდა. თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა მიმდინარე წლის მარტში განაცხადა, რომ უკრაინას წელიწადში 2 ათასამდე რაკეტა სჭირდება, თუმცა ოთხ წელიწადში კიევმა მხოლოდ 600 ასეთი რაკეტა მიიღო, წერს გამოცემა.
ირანში ომის დაწყების დღიდან შეერთებულმა შტატებმა არსებული არსენალის ნახევარი დახარჯა, რაც დაახლოებით 2 330 რაკეტაა. მიუხედავად იმისა, რომ ირანთან ომი ჩიხშია შესული და თეირანს სარაკეტო დანადგარების სულ მცირე ნახევარი ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი, საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში, ვაშინგტონს Patriot-ის ტიპის რაკეტების გამოყენება კიდევ დასჭირდება.
Foreign Policy-ს ინფორმაციით, სიტუაციას კიევისთვის ართულებს ისიც, რომ Patriot-ის რაკეტებს ვაშინგტონი სხვა რეგიონებშიც იყენებს, მაგალითად ტაივანში, რათა კუნძული ჩინეთის შემოჭრისგან დაიცვას.
