ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა პარტია “ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილი.
მისი განცხადებით, სამიტი წარმოადგენს პლატფორმას, სადაც საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია პარტნიორებს წარუდგინოს ქვეყნის შესახებ რეალური სურათი და უპასუხოს კრიტიკულ განცხადებებს.
“ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამიტში ჩვენი პრემიერის ჩართულობა, რადგან მას ეძლევა საშუალება მედიიდან და ზოგიერთი სახელმწიფო ლიდერისგან წამოსულ კრიტიკულ, ზოგჯერ დეზინფორმაციის შემცველ განცხადებებს, პირადად დაუპირისპიროს ამ დეზინფორმაციის საწინააღმდეგო რეალური არგუმენტები და ფაქტები, რომლებიც ასახავს საქართველოში არსებულ ვითარებას.
ერთია, როდესაც ისმენენ, მაგალითად, კაია კალასისგან ბრალდებებს, და მეორეა, როდესაც საქართველოს პრემიერი ფაქტებზე, ციფრებსა და ქვეყნის ბოლო პერიოდის განვითარებაზე დაყრდნობით აჩვენებს რეალურ სურათს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს მონაწილეობა ამ სამიტში.
დიალოგი არის გახსნილი პლატფორმა, სადაც ყველა მხარეს აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს თავისი არგუმენტები. ამ თვალსაზრისით, მიუღებელია ევროკავშირის მხრიდან დიალოგის ფორმატების შეზღუდვა. ეს სამიტი კი ნაწილობრივ ამსხვრევს ამ ჩაკეტილობას, თანაც უფრო ფართო მასშტაბით, რადგან აქ მონაწილეობენ არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნები, არამედ სხვა სახელმწიფოებიც, მაგალითად, კანადა.
კანადის ჩართულობა მიუთითებს, რომ ეკონომიკური, ეკოლოგიური თუ პოლიტიკური პრობლემები საბოლოოდ ყველა სახელმწიფოს ეხება. სწორედ ამიტომ არის დაინტერესებული კანადა, რომ ჩართული იყოს იმ დისკუსიებსა და დებატებში, რომლებიც ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს, რადგან ეს პროცესები ადრე თუ გვიან მასზეც მოახდენს გავლენას,”- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
