სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის საქმესთან დაკავშირებით ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს ასაჯაროებს.
სუს-ის ინფორმაციით, ფარულ ვიდეოჩანაწერში ჩანს უძილაურის მიერ ინსტრუქტაჟის მიღების, თანხის გადაცემისა და შესაბამისი ხელმოწერის გაკეთების ფაქტი.
„ვასაჯაროებთ ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს, სადაც ჩანს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მოქალაქის მიერ, კონსპირაციული შეხვედრის დროს, ინსტრუქტაჟის მიღების, თანხის გადაცემისა და შესაბამისი ხელმოწერის გაკეთების ფაქტი“, – აღნიშნავს უწყება.
ამას წინ უძღოდა ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძის მიერ მედიასთან გაკეთებული განცხადება. მან გააფრთხილა მეგობარი თუ პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომ „დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს სპეციალურ სამსახურებს შესწევთ ძალა, გამოავლინონ შესაბამისი სხვა ქვეყნის დაზვერვითი სამსახურები ჩვენს ქვეყანაში“. მდინარაძემ სთხოვა მათ, რასაც „ჩვენი ქვეყანა მათ ქვეყნებში არ აკეთებს, იმას ნუ გააკეთებენ ჩვენს ქვეყანაში“. ვიცე-პრემიერის განცხადებით, კონტრდაზვერვითი სამუშაოები დღეს მიმდინარეობს გაათმაგებულ რეჟიმში და ინტენსივობით.
ამასთან, მამუკა მდინარაძემ სთხოვა უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, რომ უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემენ მას კონვერტით თანხას და როგორ აწერს ხელს შესაბამის უწყისს.
„ერთ ადამიანსაც რომ არ მიეცეს სპეკულირების საშუალება, სივრცე არ დარჩეს, ამის გამო ჩემი მხრიდან თხოვნა იქნება და უახლოეს საათებში იხილავთ ამ ვიდეოჩანაწერს, – განმარტა ვიცე-პრემიერმა გიორგი უძილაურის დაკავებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად.
სასამართლომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.უძილაური ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.
