ბერძენმა სამხედროებმა აღმოაჩინეს უპილოტო საზღვაო დრონი, რომელიც ადგილობრივმა მეთევზეებმა იონიის ზღვაში შენიშნეს.
„ბიბისის“ ცნობით, მათ აპარატი აღმოაჩინეს კუნძულ ლეფკადის მახლობლად მდებარე გამოქვაბულში და ამის შესახებ შეატყობინეს სანაპირო დაცვის სამსახურს, რომელმაც ის უახლოეს პორტ ვასილიკში გადაიტანა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, საქმის გამოძიებას საბერძნეთის თავდაცვის სამინისტრო ატარებს.
ბერძნულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დრონი ასაფეთქებელი ნივთიერებებით იყო დატვირთული და მისი ძრავი მუშაობდა.
არსებობს ვარაუდი, რომ მოწყობილობა, შესაძლოა, უკრაინული წარმოების იყოს ან დაკავშირებული იყოს რუსეთ-უკრაინის ომთან.
„ბიბისიმ“ აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარები სთხოვა როგორც ბერძენ, ასევე უკრაინელ სამხედროებს.
გავრცელებული ცნობით, ბერძენი სამხედრო ექსპერტები შეისწავლიან დრონის შესაძლო დანიშნულებას და შეეცდებიან, გაარკვიონ, მოხვდა თუ არა ის საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში ტექნიკური გაუმართაობის თუ მართვის სისტემასთან კავშირის დაკარგვის გამო.
ერთ-ერთი ვერსიით, დრონი, შესაძლოა, მზადდებოდა რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ გამოსაყენებლად.
