უნგრეთის იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა, მარტონ მელეტეი-ბარნამ მომავალ პრემიერ-მინისტრთან ოჯახური კავშირების გამო თანამდებობის დაკავებაზე უარი თქვა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მისმა ნათესაურმა კავშირებმა მომავალ პრემიერ-მინისტრთან, პეტერ მადიართან კრიტიკა გამოიწვია. ამის შესახებ მან საკუთარ „ფეისბუქზე“ დაწერა.
იურისტმა, რომელიც მადიარის დის, ანა ილონა მელეტეი-ბარნას მეუღლეა, განაცხადა, რომ კანდიდატურას ხსნის, რათა ქვეყნის პოლიტიკური გარდამავალი პროცესის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა არ შეირყეს.
„იმისთვის, რომ გარდამავალ პროცესს ოდნავი ჩრდილიც კი არ მიადგეს, პეტერ მადიართან კონსულტაციის შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ ქვეყნისა და „ტისას“ მთავრობის ინტერესებში უკეთესი იქნება, თუ ამ თანამდებობას სხვა კანდიდატი დაიკავებს“, – დაწერა მარტონ მელეტეი-ბარნამ.
მელეტეი-ბარნა დარწმუნებულია, რომ მისი დანიშვნა „იურიდიული, პოლიტიკური, მორალური და ადამიანური თვალსაზრისით სრულიად უნაკლო“ იქნებოდა, თუმცა აღიარა, რომ თავისი „ოჯახური და მეგობრული კავშირები პრემიერ-მინისტრთან“ ამ დელიკატურ პოლიტიკურ მომენტში ყურადღების გადამტან ფაქტორად იქცა.
თავად პეტერ მადიარმა სიძის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ მელეტეი-ბარნას პროფესიული კვალიფიკაცია „დავას არ იწვევს“, ხოლო ნეპოტიზმთან დაკავშირებული შეშფოთება გასაგებია, თუმცა მისი დაძლევა შესაძლებელია.
მელეტეი-ბარნას გადაწყვეტილების შემდეგ მადიარმა განაცხადა, რომ უნგრეთის იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა მართა ჰეროგი, სეგედის უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.
