შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების, უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს, მათ შორის ორი წარსულში ნასამართლევია.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით – ნარკოტიკული საშუალებები – „ალფა-პვპ“, „მეთადონი”, „გამომშრალი მარიხუანა” და ფსიქოტროპული ნივთიერება ,,კეტამინი”.
პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთ დაკავებულისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 261-ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
