ლიბანის ხელისუფლების განცხადებით, ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად, სულ მცირე, 39 ადამიანი დაიღუპა, საპასუხოდ, დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელსა და სამხრეთ ლიბანში განლაგებული ისრაელის სამხედროების მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვა.
ისრაელის ავიაიერიშების უმეტესობა ლიბანის სამხრეთ ნაწილზე განხორციელდა. ისრაელის სამხედროების განცხადებით, დარტყმები მიმართულია ინფრასტრუქტურისა და იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ირანის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ დაჯგუფებასთან არიან დაკავშირებულნი.
ცნობისთვის, ისრაელი და „ჰეზბოლა“ შეტევებს მას შემდეგაც აგრძელებენ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა 16 აპრილს ისრაელისა და ლიბანის მთავრობებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ განაცხადა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იერიში ქვეყნის სამხრეთში, საიდასთან ახლოს მდებარე აინ-ედ-დელბის რაიონზე განხორციელდა, სადაც საცხოვრებელი სახლები დაინგრა და ნანგრევებში ათობით ადამიანი მოჰყვა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის სამხედრო ესკალაციის დაწყებიდან ლიბანში 2 795 ადამიანი დაიღუპა.
საპასუხოდ, „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელზე დრონით შეტევა განახორციელა. ისრაელის სამხედროების ცნობით, შედეგად სამი ჯარისკაცი დაშავდა.
