პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2024 წლის დეკემბრის მოვლენების დროს ადგილი ჰქონდა ქვეყნის დესტაბილიზაციისა და ე.წ. მაიდანიზაციის მცდელობას, რომელსაც უცხოური ძალები უჭერდნენ მხარს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, პოლიციელებმა ქვეყანა ძალადობისა და მძიმე შედეგებისგან დაიცვეს, ხოლო სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ცალკეულ ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს.
“ჩვენ ვნახეთ, რომ სასამართლოები ჩატარდა, მართალია ის დახურულია, მაგრამ დაზარალებულის მხრიდანაც მოვისმინეთ თუ რა განწყობები იყო თავად სასამართლოზე, მან თავად განაცხადა, რომ ამ ადამიანებს აქვთ სინანული, რომ ასეთი ინციდენტები მოხდა და მას ბოდიშიც კი მოუხადეს ამისთვის.
ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ – იმ დღეებში ცდილობდნენ ქვეყნის დამხობას, არა ხელისუფლების, არა სადმე შევარდნას, ქვეყანა უნდა დამხობილიყო და ამას აკეთებდნენ გარედან დაკვეთით, ქართველები, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის გადაწვას, პოლიციელებისთვის “მოლოტოვის კოქტეილების” სროლას და მათ ცოცხლად დაწვას.
ამიტომ, თითოეული პოლიციელი, რომელიც იმ დღეებში ამ მოძალადეებს აკავებდა, არის გმირი და მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელმაც საქართველო გადაარჩინა “მაიდანს”.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის დეკემბრის ძალადობამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკავშირის სხვადასხვა წევრები და პოლიტიკოსები იყვნენ ჩამოსულები და მათ შორის ერთ-ერთმა, შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა, პირდაპირ “მაიდნისკენ” მოუწოდა ამ მოძალადეებს და რამდენიმე დღეში ჩვენ ვნახეთ მაიდანიზაციის მცდელობა. სწორედ ჩვენმა პოლიციელებმა “მაიდნისგან” დაიცვეს ქვეყანა, ქვეყანა დაიცვეს ბნელ წარსულში დაბრუნებისგან.
ამ პროცესში იყო რამდენიმე ფაქტი, ინციდენტი უფლებამოსილების გადამეტებისა და ეს სწორედ იმ პასუხისმგებლობის ნაწილია, როდესაც შენს ქვეყანას იცავ, რომ იყო ზედმიწევნით კანონის ჩარჩოში და ის გადაცდომები, რომლებიც იყო, ამ გადაცდომებზე მიდიოდა გამოძიება, თქვენ მოისმინეთ პროკურატურის მხრიდან თუ რა მოცულობის სამუშაო ჩატარდა. რა მომენტშიც პროკურატურა იყო მყარად, რომ მისი მტკიცებულებები არის საკმარისი სასამართლოში წასასვლელად, იმ მომენტიდან ვნახეთ ჩვენ რეაგირება და მათ შორის, პროკურატურამ განაცხადა, რომ სხვა მასეთ ფაქტებზე, რომლებიც მაშინ საზოგადოებამაც იხილა, მიმდინარეობს გამოძიება და ამ მხრივაც იმუშავებენ.
ასე რომ, ჩვენ ერთმანეთში არ ავრიეთ ორი რამ – 2024 წლის დეკემბერში იყვნენ მოძალადეების ჯგუფი, რომელმაც გაილაშქრეს საქართველოს წინააღმდეგ, რომლის უკანაც იდგნენ უცხოური დამკვეთები და დამფინანსებლები. თქვენ გახსოვთ ელენე ხოშტარიას განცხადებები, რომელიც ამბობდა, რომ დიახ ის არის, ვინც ყიდულობს მაშხალებს, რომ დაწვან პოლიციელები, დაწვან პარლამენტის შენობა. თქვენ ნახეთ აღიარება „ისფედ-ის“ ხელმძღვანელის, რომ ისინი უცხოური გრანტის ფულით ყიდულობდნენ აღჭურვილობას მოძალადეებისთვის, რომ მათ წინააღმდეგობა გაეწიათ პოლიციისთვის. ამიტომ, 2024 წლის დეკემბერში ევროპული ფული იხარჯებოდა ქვეყნის დასამხობად, ძალადობისთვის, პოლიციელებზე თავდასასხმელად, პარლამენტის გადასაწვავად და სწორედ ჩვენი პოლიციელის გმირული ქმედებებით იქნა აცილებული თავიდან დიდი უბედურება”, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
