უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს არჩევას ულოცავს.
მიტროპოლიტი ეპიფანე ხაზს უსვამს ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობას და ახლად არჩეულ პატრიარქს საპასუხისმგებლო გზაზე წარმატებებს უსურვებს.
ეპიფანე მიესალმება წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას და მეუფე შიოს „დაძმობილებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის“ წინამძღოლად არჩევას ულოცავს. იგი აღნიშნავს, რომ ეს არის მაღალი და საპასუხისმგებლო მოწოდება ქართველი ერის სულიერი გადარჩენის გზაზე.
უკრაინის ეკლესიის მეთაურმა განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენია უნეტარესი ილია II. მან აღნიშნა, რომ ახალი პატრიარქი მოღვაწეობას იწყებს იმ მდიდარ სულიერ საფუძველზე, რომელიც ილია II-მ ათწლეულების განმავლობაში შექმნა. ეპიფანეს თქმით, ილია II-ის ცხოვრება ქრისტეს ერთგულებისა და საკუთარი ხალხისადმი თავდადებული მსახურების მაგალითია.
მილოცვის დასასრულს, მიტროპოლიტი ეპიფანე მეუფე შიოს უსურვებს სიბრძნეს, სულიერ ძალასა და ღვთის შეწევნას, რათა ღირსეულად გაუძღვეს ქართველ ხალხს.
„დაე, უფალმა აკურთხოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრების ახალი ეტაპი და ატაროს იგი ჭეშმარიტების, სიყვარულისა და მშვიდობის გზით“, – ნათქვამია განცხადებაში.
