ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთთან მომავალი დიალოგის შემთხვევაში, მას შეუძლია, ევროკავშირის მომლაპარაკებლის როლი შეასრულოს. ამის შესახებ კაია კალასმა ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კითხვაზე, იქნებოდა თუ არა მზად, გამხდარიყო ევროკავშირის მთავარი მომლაპარაკებელი, კალასმა დადებითად უპასუხა.
მისი თქმით, „შეუძლია, ამოიცნოს ის ხაფანგები, რომელსაც რუსეთი მოლაპარაკებებისას აგებს“.
როგორც კალასმა აღნიშნა, თავისი პროფესიული კარიერის ნახევარი იურისტად და საადვოკატო კომპანიის პარტნიორად იმუშავა და ბევრ მოლაპარაკებაში მიიღო მონაწილეობა.
მზადყოფნის მიუხედავად, კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირს ჯერ კიდევ სჭირდება რუსეთის მიმართ საერთო მოთხოვნებზე შეთანხმება ნებისმიერი მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, რადგან, კალასის თქმით, მოსკოვი ამჟამად ნამდვილი დიალოგისთვის მზადყოფნას არ ავლენს.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 9 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთ-ევროპის მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლის პოზიციაზე მისთვის სასურველი კანდიდატი გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი იქნებოდა.
კაია კალასმა რუსეთთან მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლის პოზიციაზე გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის დანიშვნის შესახებ ვლადიმერ პუტინის წინადადება უარყო.
