ვიცით, რომ როცა პიტერ ფიშერი თავისმა სამინისტრომ გაიწვია კონსულტაციებზე ბერლინში, შემდეგ დაბრუნდა იმ პირობით, რომ თავდასხმებს აღარ ექნებოდა ადგილი. სამწუხაროდ, ეს პირობა დარღვეულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, როგორც ჩანს, ვერც ელჩი პეტერ ფიშერი და ვერც მისი სამინისტრო პირობას ვერ იცავენ.
მისივე თქმით, პეტერ ფიშერმა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
„მე უკვე არანაირი ხალისი არ მაქვს, ამ ადამიანის მტრულ თავდასხმებზე რაიმე კომენტარი გავაკეთო. თუ საჭიროდ ჩათვლის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შეუძლია, დაიბაროს და შესაბამისი გასაუბრება ჰქონდეს, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ როცა ის თავისმა სამინისტრომ გაიწვია კონსულტაციებზე ბერლინში, შემდეგ დაბრუნდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმ პირობით, რომ ასეთ თავდასხმებს აღარ ექნებოდა ადგილი, ეს პირობა, სამწუხაროდ, დარღვეულია როგორც ელჩის მხრიდან, ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგანაც, რომელიც, როგორც ჩანს, ამ პირობას ვერ იცავს. იმედი მაქვს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ექნება სათანადო რეაგირება, როცა საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ასეთი მტრული თავდასხმებით გამოირჩევა სახელმწიფოს და მისი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ. ბატონი პეტერი რამდენიმე კვირაში დატოვებს საქართველოს. ის აქედან პირდაპირ გადის პენსიაზე, რაც კარგია იმ მხრივ, რომ ის ვეღარ დააზიანებს ვერცერთ სხვა ერს, როგორც ეს, სამწუხაროდ, შეძლო ქართულ-გერმანული ურთიერთობების შემთხვევაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
