ქანდაში მდებარე ეკლესიაში გია გაჩეჩილაძის “აღსარებამ” სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი გამოიწვია. „იმედის“ დილის გადაცემაში გია გაჩეჩილაძემ და მამა სერაფიმემ აღნიშნულ თემაზე ვრცლად ისაუბრეს.
„მე და მამა სერაფიმემ ცოტა ხნის წინ გავიცანით ერთმანეთი. როცა მამაოსთან კელიაში ვიყავით, სულ უბრალოდ დაიბადა ეს იდეა, იცოდა ჩემი ეს ლექსი, წაკითხული მქონდა მე მასთან და იქნებ წაიკითხო და მე აკომპანემენტს გაგიკეთებო. ასე დაიბადა ეს კომპოზიცია. ეს არის ჩემი გავლილი ცხოვრება და მისი გადაფასება, რაც დაგროვდა, ძალიან ცოტა არ გამივლია… მე ეს გამივლია არაერთხელ, თუნდაც „საკნის“ პერიოდში, ყოველდღე ასეთი რაღაცები ხდებოდა. მაშინ მითქვამს და ახლაც ვამბობ – მეც ძალიან ბევრი რამ არ მომწონს ქართულ ტელესივრცეში და არც ვუყურებ“, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.
როგორც მამა სერაფიმემ გადაცემაში განაცხადა, უწმინდესის იდეა იყო, რომ გაკეთებულიყო პროექტი, რაც საერო ხალხსა და სასულიერო პირებს გააერთიანებდა, იქვე დასძენს, რომ მას სჯერა გიორგი გაჩეჩილაძის აღსარების.
„იდეა იყო, რომ პროექტი გაგვეკეთებიან, რაც გაგვაერთიანდებს ერის ხალხს და სასულიერო პირებს, ამაზე ვმუშაობდით, ვფიქრობდით… მე გიას არ ვიცნობდი როგორც პოეტს, მე ვიცნობდი როგორც მომღერალს და „ქვეყანაშია ფერები მუქი“ ჩემთვის ძლიერი ნამუშევარი, მაშინ ჭაბუკი ვიყავი და ვამბობდი რამე არ არ მოუვიდეს ამ კაცს ასე პირდაპირ რომ ეჯახება სახელმწიფოს-მეთქი. ძალიან მაინტერესებდა თუ რა ტემბრით წაიკითხავდა ლექსს. ყველაზე დიდი საჩუქარი ღვთისგან, რაც ადამიანებს გაგვაჩნია, ეს არის თავისუფალი ნების გამოხატვა. აუცილებელია, ერთმანეთთან ვისაუბროთ. მიხარია, როცა ადამიანი თავის პოზიციას გამოხატავს და იტყვის, მამაო, მე ეს არ მომეწონა. ეს ძალიან ლამაზი მომენტია სასულიერო პირის და ერის კაცის ურთიერთობაში. არ არის ლამაზი ამაზე ქილიკი. დაიწყეს ლაპარაკი, სინოდზე გადავცეთ მამა სერაფიმეო. პატრიარქის გარეშე როგორ გადავდგამდი ამ ნაბიჯს?! ტაძარში მე დავუშვი, რომ გიას ეთქვა თავისი აღსარება. ეს გამონაკლისია იმისთვის, რომ ხალხმა დაინახოს ეს. თუ ასეთი განწყობით მიიღე, როგორც შოუ, ეს იქნება შოუ. ეს წირვის დროს არ მომხდარა, წირვა დამთავრებული იყო, გამოცვლა ვეღარ მოვასწარი, გია მიდიოდა და ვთხოვე, თქვი, რისი თქმაც გინდა-მეთქი. გია ამბიონზე არ დგას, ამბიონზე ვდგავარ მე. ჩემთვის ეს იყო აღსარება და მჯერა გიას აღსარების“, – ამბობს მამა სერაფიმე.