საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მთავარ ღონისძიებაზე სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის მინისტრმა 1 700 წლის წინ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ მნიშვნელობასა და ჩვენი ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში მის როლზე ისაუბრა.
„ამ ისტორიულმა მოვლენამ განსაზღვრა ჩვენი იდენტობა, კულტურა, ცივილიზაციური არჩევანი და კიდევ უფრო განამტკიცა სახელმწიფოებრივი კონსოლიდაცია. თანამედროვე რეალობაში, სადაც ტრადიციული ღირებულებისა და ეროვნული იდენტობის წაშლის მცდელობა თვალსაჩინოა, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება გადამწყვეტია დამოუკიდებელი და სუვერენული მომავლის შესანარჩუნებლად“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.
მინისტრის განცხადებით, ქართული მხედრობა ყოველთვის საქართველოს ისტორიის თანაზიარი იყო, თავდაცვის ძალები, კი რომელიც წელს 35 წლის იუბილეს აღნიშნავს, არა მხოლოდ შეიარაღებული ძალა და თანამედროვე საბრძოლო შესაძლებლობები, არამედ, უპირველესად, ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი და თავგანწირვაა.
მინისტრმა თანამედროვე საქართველოს სულიერ აღმავლობასა და მარადიული ღირებულებების გაძლიერების საქმეში პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის უდიდესი წვლილი აღნიშნა და საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, შიოს III-ს მიესალმა.
„სიმბოლურია, რომ თქვენი აღსაყდრება დაემთხვა ამ საიუბილეო წელს, რაც გვარწმუნებს, რომ თქვენი ლოცვა-კურთხევითა და წინამძღოლობით, სასულიერო დასის ღვაწლით, კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ერის სულიერი სიმტკიცე და ქრისტიანული ღირებულებები“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ გუნდის სიმტკიცით, მარადიული იდეალების – მამული, ენა, სარწმუნოება – დაცვით, ერთიან საქართველოში მომავალ თაობებს განვითარების მეტი შესაძლებლობა ექნებათ.
