ოპოზიციაში დაპირისპირება მწვავდება. წითლიძე გვარამიას წინააღმდეგ, გვარამია კი სააკაშვილის პირისპირ – ყოფილი და მოქმედი “ნაციონალები” “ფეისბუკ” პაექრობას აქტიურად განაგრძობენ. ანა წითლიძე წერს, რომ მაშინ როცა “ნაციონალური მოძრაობის” აქტივი შიმშილით კვდებოდა, ნიკა გვარამია პარტიიდან ფულს ეზიდებოდა და “მთავარი არხიც” გააკოტრა. თავად გვარამია კი მიიჩნევს, რომ თანაკოალიციელები, ახლა მიხეილ სააკაშვილის “ექსპლუატაციაში ხელახალ ჩაშვებას” ცდილობენ.
ამასობაში, თამარ ჩერგოლეიშვილი ბრალდებულ და მსჯავრდადებულ მესამე პრეზიდენტს მანიპულატორ ნარცისად, მის მხარდამჭერებს კი მფრინავ მაიმუნებად მოიხსენიებს.
ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი სოსიაშვილი გამოეხმაურა.
“ის, რაც ხდება რადიკალებში მოსალოდნელიც იყო, რადგან ეს ადამიანები მიჩვეულნი იყვნენ ძალაუფლებას და ქვეყანას რაც დამართეს ეს საყოველთაოდ ცნობილია – ლანგრით მიართვეს მტერს ტერიტორიები და ათიათასობით ოჯახი გააუბედურეს და ქვეყანა დაასახიჩრეს.
მათ შორის განხეთქილება ლოგიკური დასასრული იყო ამ ფსევდო-პოლიტიკური ძალების, რადგან ახლა თავს იწონებენ გარე პატრონების წინაშე, რომ როგორღაც ფუნქცია შეინარჩუნონ, რომ არ დაკარგონ თავიანთი ანაზღაურება, რადგან ესენი ჩვეულებრივი აგენტები არიან, ფულს იღებენ ამ ყველაფერში, მათ შორის, დაგეგმილ პროვოკაციებში, გამოხტომებში, მიტინგების ორგანიზებაში. ეს დაპირისპირება ნიშნავს, რომ ისინი ვერ იყოფენ ამ თანხებს – უნდათ, რომ დარჩნენ თავიანთი გარე პატრონების წარმოსახვაში, როგორც მათთვის სასურველი და ფუნქციის მქონე ადამიანები,” – აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.
