უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა გიორგი ტიჰიმ ბოდიში მოუხადა საბერძნეთს საზღვაო დრონთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, რომელიც კუნძულ ლევკასთან იონიის ზღვაში მოხდა.
როგორც უკრაინის საგარეო უწყების პრესმდივანმა აღნიშნა, საზღვაო დრონის შეჭრა საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგია.
„ვინაიდან საერთაშორისო და რეგიონული, კერძოდ საზღვაო უსაფრთხოების დღევანდელი გამოწვევები და რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობა როგორც საბერძნეთისთვის, ისე უკრაინისთვის შეშფოთების საერთო საგანს წარმოადგენს, უკრაინა ხაზს უსვამს თავის ერთგულებას საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და სამოქალაქო საზღვაო უსაფრთხოების პრინციპების მიმართ, აღნიშნავს დაინტერესებას მომავალში მსგავსი შემთხვევებისგან თავიდან აცილებაში“, – აღნიშნა ტიჰიმ.
მან ცალკე აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში უკრაინა „ინციდენტის გამო ბოდიშს იხდის“.
ცნობისთვის, საბერძნეთის სანაპიროსთან ახლოს დრონი მაისში აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, დრონს 100 კილოგრამამდე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა მიმაგრებული. ბერძნული მხარის მტკიცებით, დრონის მიზანს ხმელთაშუა ზღვაში რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ერთ-ერთი გემის განადგურება წარმოადგენდა. მოგვიანებით საბერძნეთმა საზღვაო დრონის გამო უკრაინას დემარში გამოუცხადა.
