აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ევროპელი მოკავშირეები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები მიგრაციულ კრიზისს ვერ უმკლავდებიან.
როგორც პენტაგონის შეფმა საფრანგეთში ნორმანდიის სადესანტო ოპერაციის ჩატარების 82-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ესპანეთს, იტალიის, საბერძნეთისა და ბულგარეთის ნაპირებთან მოდიან გემები და არალეგალი მიგრანტები, თუმცა ევროპული ქვეყნების ხელისუფლებები ამის შესაჩერებლად არაფერს აკეთებენ.
„სამწუხაროდ, დღეს ევროპის სხვადასხვა სანაპიროებს განსხვავებული, საშიში იდეოლოგიები უტევენ. ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში ნავები და ადამიანები ჩამოდიან. როდის მოიმოქმედებენ ევროპული დედაქალაქები რამეს, რათა ამ შემოჭრას გაუმკლავდნენ? თუ უკვე ძალიან გვიანია? ვლოცულობ და მჯერა, რომ არა“, – განაცხადა ჰეგსეტმა.
თავის გამოსვლაში ჰეგსეტმა აგრეთვე პარტნიორობისა და მოკავშირეობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ძლიერი მოკავშირეები, რომელთაგან თითოეული სრულად არის ერთგული თავისი როლის შესრულების, იმარჯვებენ ომებში. აქ დაკრძალული მამაკაცები იბრძოდნენ საომარ ალიანსში, სადაც თითოეულმა პარტნიორმა სრული მონდომება, გამბედაობა და თავგანწირვა გამოიჩინა. არც ცარიელი ლოზუნგები, არც მდიდრული სამიტები, არც კომუნიკეები – ნამდვილი მოკავშირეები არიან, რომლებიც რეალურ საქმეებს აკეთებდნენ, რეალურ დანაკარგებს იღებდნენ საერთო მიზნისთვის, რომლისთვისაც ბრძოლა და სიკვდილი ღირდა“, – დასძინა მან.
