შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილეებთან გიორგი ბახუაშვილთან და ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად, აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა.
მინისტრმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც რეგიონში არსებული ვითარება და ზაფხულის სეზონზე უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტურისტული სეზონის პერიოდში საპოლიციო დანაყოფები გაძლიერებული რესურსით სრულ მზადყოფნაში არიან.
აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ავტოპარკი განახლდა და 30-ზე მეტი ახალი ავტომობილი დაემატა, რაც რეგიონში საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების კიდევ უფრო გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
შინაგან საქმეთა მინისტრი აჭარის რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, თანამშრომლებს გაესაუბრა და სამუშაო სივრცეები, ასევე, აღჭურვილობა დაათვალიერა.
სულხან თამაზაშვილი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც იმყოფებოდა, სადაც უწყების იმ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც სახელმწიფო საზღვარზე უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს უზრუნველყოფენ.
