თუ ჩემს პოზიციას ვინმე იზიარებს, ნუ თარგმნი ისე, რომ ვინმეს ეშინია, უხერხულია- ამ სიტყვებით უპასუხა ცოტნე ივანიშვილმა სოციალურ ქსელში მოქალაქეს, რომელმაც ივანიშვილის ინტერვიუს ვიდეოზე კომენტარი დაწერა და ხალხს პრეტენზიით მიმართა, რატომ არავინ ეწინააღმდეგება ცოტნეს აზრს.
მოქალაქე ლაშა ტრაპაიძე წერს, რომ ქათინაური და ღლაბუცია საქართველოს დამღუპველი.
„როგორ არავინ არ ეწინააღმდეგებით ეგრე რამ შეგაშინათ? ტყუილიც რომ თქვას მაინც გაავსებთ ქათინაურებით. აი ეგ ქათინაური და ღლაბუცია საქართველოს დამღუპველი. პირიქით შეუსწორეთ, არ დაეთანხმოთ, საღი აზრი გამოატანინეთ ახალგაზრდას, მაგასაც ნუ დაღუპავთ”- აღნიშნავს ტრაპაიძე.
თავის მხრივ, ცოტნე ივანიშვილი ტრაპაიძეს დისკუსიას სთავაზობს და ამასთან მიუთითებს, რომ მასაც უპრობლემოდ შეუძლია აზრის დაფიქსირება.
„ლაშა, მოგესალმები. პირველ რიგში მინდა გთხოვო, რომ ადამიანებს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ. თუ ჩემს პოზიციას ვინმე იზიარებს, ნუ თარგმნი ისე, რომ ვინმეს ეშინია, უხერხულია. საქართველოსთვის ნამდვილად არის დამღუპველი პრობლემის არ აღიარება, ხარვეზის ვერ დანახვა და შეცდომის არ შესწორება, მაგრამ სხვას რომ უჯავრდები, ხომ ხედავ რომ უპრობლემოდ შეგიძლია აქ კომენტარის დაწერა. ამიტომ მე პირადად მაინტერესებს შენგან კონკრეტულად რაში არ მეთანხმები, რომელი პოზიციაა მიუღებელი შენთვის და ასევე კარგი იქნება, თუ მიუღებელ თეზისზე საკუთარ შეხედულებასაც გამაცნობ. ვიკამათოთ, დისკუსიაში შევიდეთ ერთმანეთთან, მხოლოდ სხვა ადამიანებს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ და მორალის კითხვას ნუ დაუწყებ ადამიანებს მათი პოზიციის გამო“, – წერს ცოტნე ივანიშვილი.
