„ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ვენაში გამართულ პოლიტიკურ ასამბლეაზე მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც საუბარია უკრაინაში მრავალპარტიული დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის დაცვის მნიშვნელობაზე. ინფორმაციას უკრაინული მედია ოპოზიციურ პარტია „ბატკივშჩინას“ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც აღინიშნა, „ევროპის სახალხო პარტიამ“ ერთხმად მიიღო რეზოლუცია „უკრაინის ევროპული მომავალი, დემოკრატიული სტაბილურობა და პოლიტიკური პლურალიზმი“. ეს რეზოლუცია იულია ტიმოშენკოს საქმეზე რეაქცია იყო, რომელსაც თავად „ბატკივშჩინას“ ლიდერი პოლიტიკურ დევნას უწოდებს.
„ევროპის სახალხო პარტიამ“ დაგმო ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, არასოდეს გამოიყენოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულება დემოკრატიულ ოპოზიციაზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია „მრავალპარტიული დემოკრატიისა და საპარლამენტო პოლიტიკური პლურალიზმის დაცვის მნიშვნელობა, როგორც უკრაინის დემოკრატიული განვითარების და მისი ევროპული მომავლის განუყოფელი ელემენტებისა“.
აღსანიშნავია, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) ევროპის კონტინენტზე ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური ძალაა.
