რუსეთის მიერ 2 ივლისს კიევზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო იერიშის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა, 91 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ტიმურ ტკაჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე კვლავ გრძელდება, მათ შორის დარნიცის რაიონში, სადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ნაწილობრივ ჩამოინგრა. მაშველები არ გამორიცხავენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.
2 ივლისს თავდასხმის შედეგად გამოწვეული მასშტაბური ნგრევისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მიუხედავად, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა იერიში მხოლოდ „სამხედრო ან სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე“ მიიტანეს. მისივე თქმით, მომხდარის შესახებ ვლადიმირ პუტინს ინფორმაცია უკვე მიაწოდეს.
დარნიცის რაიონში ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდასხმამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად მწვავედ განიცდის ქვეყანა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი ჩამჭრელი რაკეტების დეფიციტს.
„ჩვენს პარტნიორებს დაპირებული დახმარება დროულად რომ მიეწოდებინათ, ვფიქრობ, მეტი სახლისა და, რაც მთავარია, მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
დღეს კიევში გლოვის დღეა.
