რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ლენტეხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევმა წიწვოვანი სახეობის ექვს კუბურ მეტრამდე სამასალე მერქნის წარმოშობის დოკუმენტაცია გააყალბა (სპეციალური ფირნიში გამოიყენა განმეორებით), შემდეგ კი რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე დაასაწყობა.
მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი შემდგომი განკარგვის მიზნით გადატანილია ლენტეხის საქმიან ეზოში. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში.
„სატყეო რეფორმის ძირითადი მიზანია ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერება, რომლის ეფექტიანად განხორციელებისთვის ეროვნული სატყეო სააგენტო სრულადაა აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით. ასევე, რეფორმის ფარგლებში სააგენტოს 401 ახალი თანამშრომელი დაემატება, რომლებიც კონკრეტულ სამცველოებზე უსაფრთხოებასა და წესრიგს გააკონტროლებენ. ყველა ეს ნაბიჯი მიმართულია, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები. ყოველ გამოვლენილ სამართალდარღვევაზე გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული მკაცრი სანქციები“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.
ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
