ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ პარასკევს განაცხადა, რომ ნატოს განხეთქილების საფრთხე ემუქრება, თუ ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ვერ შეასრულებს ალიანსის სამიზნე მაჩვენებელს – მშპ-ის 5%-ის დახარჯვას თავდაცვისთვის.
„ეს იქნება ძალიან სადავო ან წინააღმდეგობრივი, თუკი ზოგიერთი ქვეყანა მეტის გაკეთებას შეეცდება და უახლოეს წლებში მიაღწევს ამ მიზანს, ხოლო სხვა ქვეყნები, ვთქვათ, 2 ან 2.5 პროცენტის დონეზე დარჩებიან“, – განუცხადა ნაუსედამ ჟურნალისტებს ბერლინში, ლატვიელ და ესტონელ კოლეგებთან და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„ეს ბუნებრივად გაყოფს ალიანსს ორ ან სამ ნაწილად, რაც არ არის ძალიან კარგი ალიანსში კოლექტიური თავდაცვის სულისკვეთებისა და ჩვენი სოლიდარობისთვის“, – დასძინა ნაუსედამ.
ნატოს მოკავშირეები, ესპანეთის გარდა, შარშანდელ ჰააგის სამიტზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვაზე მშპ-ის 5%-ს დახარჯავენ. მიუხედავად ამისა, ვინაიდან ევროპული ქვეყნების უმეტესობა ამჟამად ამ მაჩვენებელზე გაცილებით ნაკლებს ხარჯავს და ფისკალური შეზღუდვების წინაშე დგას, ბუნდოვანია, რამდენი მათგანი შეძლებს დასახული მიზნის მიღწევას.
