ქალბატონო სალომე, გუშინ ვესაუბრე ნანუ სანდერს, თქვენ გაგიხსენათ, მიყვებოდა, იმდენად მეზიზღება ყველაფერი რუსული, რომ პროდუქტსაც არ ვყიდულობდი, თუ არ დავრწმუნდებოდი, რუსეთში არ იყო წარმოებულიო. სალომემ კი მთლად რუსობა დამაბრალა და რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლობაო, – წერს ოპოზიციონერი აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ.
მამუკაშვილი, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იხსენებს, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ელისო კილაძის პოსტს გამოეხმაურა და გამოთქვა ვარაუდი, რომ სახეზე იყო რუსული სპეცოპერაცია.
ოპოზიციონერი აქტივისტი ინტერესდება, რატომ გააკეთა ზურაბიშვილმა ეს შეფასება და პირებს თუ არა იგი ნანა სანდერისთვის, რომელსაც 7 წლით პატიმრობა შეეფარდა, საჯაროდ ბოდიშის მოხდას.
“მე მართლა მიკვირს, რატომ მოიცალეთ 4 ოქტომბრის შემდგომ ისეთ რთულ დროს, როცა სწორედ რუსული სპეცსამსახურები უპატრონო აქტივისტებზე დათარეშობდნენ, რომ აი ეს შეფასება გაგეკეთებინათ? ნუთუ, ვერ იფიქრეთ, რომ ასეთ საშიშ პერიოდში თქვენს ყველა სიტყვას დიდი ფასი ექნებოდა? თქვენ ხომ არ ხართ ვიღაც უხმო აქტივისტი, თქვენ პრეზიდენტი იყავით და უდიდესი აუდიტორია გყავდათ. რატომ გამოთქვით ეს ვარაუდები, რა იყო ამ გესლიანი ტექსტის მიზანი?
ნანუ ციხეში ზის უკვე 9 თვეა, 1 კვირის წინ მიუსაჯეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, აშკარაა, რომ ეს გოგო გაწირულია. მაინტერესებს, თუ აპირებთ მისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდას ამ საჯარო განცხადების გამო? პირადად რომ არ მიგიწერიათ, ესეც ვიცი, საჯარო ბოდიშს თუ აპირებთ?” – წერს მაგდა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში.
