ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია სატრანზიტო ფუნქციის განვითარება, „თეგეტა მოტორსის“ რეგიონული ჰაბის მსგავსი მასშტაბური პროექტები მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „თეგეტა მოტორსის“ რეგიონული ჰაბის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა რეგიონული მასშტაბის კომპლექსის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რამდენადაც ის თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის და ევროპის დამაკავშირებელ ტრანზიტულ ნაკადებს ემსახურება და საერთაშორისო გადამზიდავებს სთავაზობს ისეთივე უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, როგორსაც ისინი მსოფლიოს წამყვან ინდუსტრიულ ჰაბებში იღებენ.
„ეს არის ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელშიც დაახლოებით 100 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული და ის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს მნიშვნელოვნად აძლიერებს. თბილისის შემოვლით გზაზე შექმნილი ეს უნიკალური პლატფორმა თავისი სტანდარტებით სცილდება შიდასახელმწიფოებრივ ჩარჩოებს. ეს არის ამიერკავკასიაში პირველი მულტიბრენდული და მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც სერვისის სრულ სპექტრს ერთ ადგილზე აერთიანებს. გვიხარია, რომ ბიზნესი დღეს თავად აწესებს განვითარების ახალ, უმაღლეს თამასას და ამ კუთხით „თეგეტა ჰოლდინგი“ ნამდვილად გამორჩეულია. დასაფასებელია კომპანიის მიდგომა გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოებისადმი. სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე, უსაფრთხო სტანდარტები აჩვენებს, რომ ჩვენი ლოგისტიკური დერეფანი არამხოლოდ სწრაფი და ეფექტური, არამედ ცივილიზებული და მდგრადიც არის. სახელმწიფოსთვის მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა პრიორიტეტია, რადგან მდგრადი სატრანზიტო დერეფანი წარმოუდგენელია განვითარებული თანამედროვე სერვისების გარეშე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა „თეგეტა ჰოლდინგის“ დამფუძნებელ თემურ კოხოძეს, „თეგეტა ჰოლდინგის“ ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი მასშტაბური პროექტები კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს პოზიციას გლობალურ ეკონომიკურ რუკაზე.
რეგიონული ჰაბის თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე პრეზენტაცია გამართა „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ეკატერინე ქავთარაძემ.
მთავრობის მეთაურმა კომპლექსის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს მთავრობის წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.





















