პოლიტიკური ტერორიზმის ხელახლა გააქტიურების თემისადმი მიძღვნილ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მკაცრად გააკრიტიკა დასავლურ ქვეყნებში მზარდი პოლიტიკური ძალადობა და განაცხადა, რომ დროა, „ეს ბოროტება ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს“.
რუბიომ მინისტერიალის მონაწილეებს მიმართა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალადობა აღარ არის თეორიული საფრთხე, არამედ მწარე რეალობაა.
„თქვენ აქ იმიტომ იმყოფებით, რომ თქვენს ქუჩებში პოლიტიკურ ლიდერებს თავს ესხმიან და ესვრიან. იმიტომ, რომ თქვენი ბიზნესები ააფეთქეს, რკინიგზაზე საბოტაჟი განახორციელეს, პოლიციელებს კი სასტიკად გაუსწორდნენ და დაწვეს“, – აღნიშნა მან.
სახელმწიფო მდივნის თქმით, შექმნილი კრიზისი „რეალურია და ის უარესდება“.
თავის გამოსვლაში რუბიომ მკაფიოდ გაუსვა ხაზი, რომ დღეს უკვე შეუძლებელია ამ რეალობის უგულებელყოფა. როგორც მან აღნიშნა, „ამ პრობლემის უარყოფა აღარ შეიძლება“.
გარდა ამისა, სახელმწიფო მდივანმა ისტორიული კონტექსტიც გაიხსენა და უარყო გავრცელებული მოსაზრება, თითქოს მემარცხენე პოლიტიკური ტერორიზმი თანამედროვე გამოგონება იყოს.
„მარტივი ფაქტია, რომ არაფერი ის, რაც ახლა აღვწერე, ახალი არ არის“, – განაცხადა რუბიომ.
