გზავნილი, რომელიც საერთო ღირებულებებს ადასტურებს და იდეალები, რაც ორ ქვეყანას აკავშირებს – გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წერილი მიიღო. დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს მადლობას უხდის შტატების დამოუკიდებლობის 250-ე იუბილეს მილოცვისთვის.
“სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა” – წერს ტრამპი და აღნიშნავს, რომ აფასებს იმ პარტნიორთა მეგობრობას, რომლებიც ამერიკის იდეალებისადმი პატივისცემას იზიარებენ.
წერილში ისიც წერია, რომ ტრამპი მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერებას, ორ ქვეყანას შორის – აქვე თეთრი სახლის ლიდერი ასახელებს მთავარ მიზანსაც ” ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ.”
გზავნილს უკვე მოჰყვა შეფასებები მმართველ გუნდში, როგორც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, გზავნილში მთავარი იყო ის ფასეულობები და ღირებულებები, რაც ეხება თავისუფლებას, სუვერენიტეტს, კეთილდღეობას და სწორედ, ამ საფუძველზე საქართველოსთან მომავალი თანამშრომლობის დიდ მოლოდინს:
“აქედან გამომდინარე, სწორედ ჩვენც ამ მოლოდინით ვართ მთელი ამ ხნის განმავლობაში. ანალოგიურ ფასეულობებზე დაყრდნობით გვსურს ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქმედითი განახლება. ეს გზავნილი კი, ამ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კარგი გზამკვლევია,”- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სახელზე დონალდ ტრამპის წერილი დღეს, 17 ივლისს მოვიდა.
