გარდა ეკონომიკური დატვირთვისა ჩქაროსნულ გზებს აქვს მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც. ბუნებრივია გზები უფრო მეტად აახლოებს ერთმანეთთან დასახლებებს და ეს ყველაფერი ქმნის განვითარების უკეთეს პირობებს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის მე-3 მონაკვეთის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკურთან ერთად, ამ პროექტებს აქვს განსაკუთრებული სოციალური დატვირთვაც.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მუშაობდა ამ პროექტზე, მშენებლებს, ინჟინრებს, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკს. დარწმუნებული ვარ, ეს გზა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს ჩვენს სტუმრებს, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პირადად მინისტრ რევაზ სოხაძეს, არა მხოლოდ იმისათვის, რომ წარმატებით მიიყვანა ეს პროექტი ბოლომდე, არამედ იმისათვის, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში გასწორდა ყველა ხარვეზი, რაც სამინისტროს მენეჯმენტში იყო დაფიქსირებული და ეს ცვლილებები, ეს რეფორმები, რაც განხორციელდა სამინისტროში, მომავალში უზრუნველყოფს პროექტების ხარისხიანობის თვალსაზრისით მთლიანად სამინისტროს მუშაობის გაუმჯობესებას და უზრუნველყოფს პროექტების სწრაფ ტემპში და ხარისხიანად შესრულებას. მინისტრს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ ყველაფრისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს ამ ჩქაროსნული გზის გახსნას და მინდა წარმატებები გისურვოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
