ამ კასრებში აღმოაჩინეს საქაღალდე მინაწერით „დასაჭერები“ და იყო ძალიან ვრცელი სია დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერების, რომლებიც უნდა დაეჭირათ, თუკი 2012 წლის პირველ ოქტომბერს კვლავ მოვიდოდა ქვეყნის სათავეში „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულზე და 2013 წელს ზუგდიდის ტყეში აღმოჩენილ კასრებზე საუბრისას.
მისივე თქმით, აღმოჩენილი იყო ძალიან საინტერესო რვეული, სადაც აღწერილი იყო, მაგალითად აჭარაში „გასაწეწი ბიზნესმენების“ რაოდენობა – ვინ რა ბიზნესს ფლობდა და რა ბედი ეწეოდათ მათ.
„2013 წელს, როდესაც ვმუშაობდი სუს-ის ანალიტიკური დანაყოფის ხელმძღვანელის პოზიციაზე, სწორედ ჩვენს მიერ დაიგეგმა ის სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც ნარაზენის ტყეში აღმოაჩინეს ეს კასრები. ძირითადი ნაწილი იყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. პირდაპირ ჩანდა, რომ ესა თუ ის პროვოკატორი, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ სექსუალური ხასიათის ფარულ გადაღებებში, სპეციალურად მიაგზავნეს, ძალიან კარგად იცოდა, სად იყო დამონტაჟებული ფარული კამერა, სად უნდა დამდგარიყო, რა უნდა გამოჩენილიყო და ა.შ.
ჩემთვის ყველაზე ამოუცნობია ის, რომ ამ ფაილებში გამოვლენილი ძალიან ბევრი ცნობადი ადამიანი, დღესაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია. ეს რას დავაბრალოთ, „სტოკჰოლმის სინდრომს“, თუ დღემდე მოუშუშებელ შიშს. იმის გამო, რომ დღემდე არიან ამ შანტაჟის მძევლები“, – აღნიშნა ქართველიშვილმა.
დავით ქართველიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა გერმანულ ფაშიზმს შეადარა.
„სააკაშვილის რეჟიმს მე შემიძლია, შევადარო ძალიან ცნობილი რეჟიმი, ეს არის კლასიკური გერმანული ფაშიზმი. რისთვის იღებდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში იმ წამებებს, რისთვის ინახავდნენ იმ დოკუმენტურ მასალას, რომელიც შემდგომ ძირითად მტკიცებულებად წარდგა ნიურნბერგის პროცესზე და ამ მასალებით შემდგომ გამოიტანეს ის განაჩენი, რომლითაც დასაჯეს ფაშისტური რეჟიმის მესვეურები. რისთვის იღებდნენ ეფშტეინის კუნძულზე ასობით, ათასობით ამ ფაილებს, რომელიც ასახავდა ასევე ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს?“ – დასძინა ქართველიშვილმა.
