ყველა გამოკითხული პირის მოწოდებული ინფორმაციით, დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზე ბრალდების მხარემ ისაუბრა სასამართლო პროცესზე და ბრალად აქვს წარდგენილი ბრალდებულს, – განაცხადა ჟურნალისტებთან პროკურორმა ბექა ნათელაურმა კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი ჭიღლაძის სასამართლო პროცესის შემდეგ.
მისი თქმით, პროკურატურა დაკავებულისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
„როგორც სხვა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებთან დაკავშირებით, ბრალდების მხარე ითხოვდა აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას 5 000 ლარის ოდენობით. მოსამართლემ დააკმაყოფილა შუამდგომლობა. შინაარსთან დაკავშირებით ამ ეტაპზე განხილვაში ვერ შევალ. ყველა გამოკითხული პირის მოწოდებული ინფორმაციით, დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზე ბრალდების მხარემ ისაუბრა სასამართლო პროცესზე და ბრალად აქვს წარდგენილი ბრალდებულს“, – აღნიშნა პროკურორმა.
მისი თქმით, გამოძიება დაინტერესებულია ყველა მიმართულებით.
„ყველა მიმართულებით ამომწურავად ვაწარმოებთ საგამოძიებო მოქმედებებს. როგორც კი გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები და გვექნება შესაბამისი მტკიცებულებები, მოხდება დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა“, – აღნიშნა პროკურორმა.
სასტუმრო Agarani Estate-ში ქორწილის მიმდინარეობის დროს მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს აღკვეთის სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
