სიძულვილის ენის მხარეს მდგომი ადამიანები, იქნებიან ესენი ე.წ. პოლიტიკოსები, თუ ე.წ. მედიის ე.წ. წარმომადგენლები, თავიანთი ნაბიჯებით კიდევ ერთხელ ადასტურებენ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ვახო სანაიას დაკავებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კანონი მოქმედებდეს, კანონობდეს და პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სხვა ადამიანის ღირსებას.
„სულ ბოლო პრაქტიკა, სლოვენიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება ზუსტად ასეთი იყო, რომ როდესაც არაერთხელ, არაერთი სახდელის გამოყენების მიუხედავად, როდესაც სიძულვილის ენით არის წარმოდგენილი კონკრეტული ადამიანი, აყენებს სხვას შეურაცხყოფას, ლახავს სხვის ღირსებას, არა თუ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება, არამედ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება სრულად შესაბამისობაშია ევროპულ პრაქტიკასა და კონვენციასთან.
მნიშვნელოვანია, რომ კანონი მოქმედებდეს, კანონი კანონობდეს და პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სხვა ადამიანის ღირსებას“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტის გამო. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.
