მდინარე ვერეს ხეობაში ნატანდამჭერი ცხაურის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„აღნიშნული სამუშაოები სისტემატურად ხორციელდება. დედაქალაქში მოსულ უხვ ნალექს ჩამოაქვს ხოლმე სხვადასხვა ტიპის სამშენებლო მასალები, წაქცეული ხეები და ა.შ. შესაბამისად, ცხაურები საჭიროებს გაწმენდას. დაახლოებით ერთ კვირაში მოწესრიგდება აქაურობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერიის ცნობით, მოსახლეობის უსაფრთხოებისა და რისკების პრევენციის მიზნით, 2015 წელს მომხდარი სტიქიის შემდეგ, ვერეს ხეობაში ორ ლოკაციაზე ნატანდამჭერი ცხაურები მოეწყო, რომელთა მონიტორინგი სისტემატურად ხორციელდება.
ამჟამად, პრევენციის მიზნით იწმინდება ცხაური, რომელიც ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს, რათა ცხაურმა უხვი ნალექის შემთხვევაში მდინარის წყლის დიდი ნაკადის თავისუფლად გატარება შეძლოს.
უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მდინარის კალაპოტისა და წყლის დონის მონიტორინგიც. წყლის დონის დაწევისთანავე სპეციალური ტექნიკის საშუალებით ტერიტორია ოპერატიულად სრულად იწმინდება.
დედაქალაქის მერთად ერთად გაწმენდის სამუშაოებს გაეცნენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა გელენავა.
