აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინა დათანხმდა, არ დაესხას თავს იმ ნავთობტანკერებსა და შავი ზღვის ინფრასტრუქტურას, რომლებიც რუსეთს არ ეკუთვნის. ამის შესახებ სტატიას „ბლუმბერგი“ აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვანია ყაზახეთის ნედლი ნავთობის ექსპორტისთვის, მას შემდეგ, რაც გასულ თვეში გემებზე თავდასხმებმა შავ ზღვაში ტვირთების გადაზიდვა შეაჩერა.
მათივე ინფორმაციით, აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, უკრაინამ აიღო ვალდებულება, თავი შეიკავოს კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) ინფრასტრუქტურასა და ტერმინალში მიმავალ არარუსულ გემებზე თავდასხმებისგან, იმ პირობით, რომ ეს გემები რუსულ ნავთობს არ გადაიტანენ.
„ბლუმბერგი“ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინამ შექმნა საკონტაქტო პუნქტები, რათა კომერციულ გადამზიდავებს საშუალება მისცეს, ინფორმაცია გააზიარონ და უსაფრთხო გადაზიდვა უზრუნველყონ.
„ვალდებულება, რომელიც აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნებსა და უკრაინის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრას მოჰყვა, რეგიონში ნავთობის ნაკადის გაზრდის პოტენციურად მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს, მას შემდეგ, რაც რუსეთში, ნოვოროსიისკში, კასპიის მილსადენის კონსორციუმის ტერმინალთან ახლოს გემებზე ბოლო დროს განხორციელებულმა თავდასხმებმა აქტივობა შეამცირა“, – წერს გამოცემა.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, კასპიის მილსადენების კონსორციუმის ტერმინალი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყაზახეთის ნავთობის მსოფლიო ბაზარზე გასატანად, რადგან ცენტრალური აზიის ქვეყანას ალტერნატიული მარშრუტები არ გააჩნია..
გამოცემის ცნობით, CPC გლობალური ნედლი ნავთობის მარაგების დაახლოებით 2%-ს ამუშავებს და ევროპის გადამამუშავებელი ქარხნები დიდად არიან დამოკიდებული რეგიონიდან მოწოდებულ ნავთობრესურსებზე.
